აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტის შედეგების წარდგენას დაესწრო.
„არა, ბულინგს!“ - ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს არაერთი აქტივობა, მათ შორის, კვლევები სასკოლო თემსა და საზოგადოებაში, გადაიღეს ვიდეორგოლი, დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები და ა.შ.
„მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ძალზე აქტუალური თემატიკა შეარჩიეს პროექტისთვის. შთამბეჭდავია მათი კვლევების შედეგები, რომლებიც არა მხოლოდ სკოლის, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, მსოფლმხედველობის წარმომადგენლების მოსაზრებების გაცნობისა და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ საინტერესო შეხვედრა-წარდგინების დასრულებისას.