აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ ბერიძე, ფრიდონ ფუტკარაძე და მამუკა თურმანიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან - ზაზა შავაძესთან, პარლამენტარ - ანზორ ბოლქვაძესთან, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, ამავე მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდნენ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული, მსგავსი ყოველწლიური შეხვედრების მიზანი მოსახლეობისთვის უწყების მიერ დაგეგმილი პროგრამების გაცნობაა. ზაზა შავაძის განცხადებით, 2025 წელს, სამინისტრო აგროსექტორის მდგრადი განვითარების, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციის, აგრარული ექსტენციის მიწოდების, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის და სხვა პროგრამებს განახორციელებს. ამის შესაძლებლობას უწყებას, შარშანდელთან შედარებით 4 805 972 ლარით გაზრდილი ბიუჯეტი აძლევს, რომელიც 2025 წელს 36 820 550 ლარს შეადგენს.
სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების, საოჯახო მეურნეობებისა და მეწარმე სუბიექტების განვითარების ხელსეწყობის, პროდუქციის მწარმოებელთა ეფექტიანობისა და მდგრადობის ამაღლების მიზნით, სამინისტრო სულ 17 პროგრამასა და 12 ქვეპროგრამას განახორციელებს.