10 თებერვალი

ბათუმში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის საწყის სამუშაოებს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის მთავრობის მეთაურთან - თორნიკე რიჟვაძესთან, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტი არსებული ქვაფენილის სამფენიანი ასფალტით ჩანაცვლებას, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას, ტროტუარების, ბორდიურების, გზაგამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, შუქნიშნებისა და საგზაო ნიშნების მონტაჟს ითვალისწინებს.

სამუშაოების დიდი ნაწილი ტურისტულ სეზონამდე დასრულდება. აქტიური სეზონის დროს კი, შეჩერდება და ოქტომბერში განახლდება.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მაისის ბოლომდე რუსთაველის ქუჩაზე - ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აღდგენილია ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.