ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. მშენებლობის საძირკვლის ჩაყრასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, ქვეყნისა და რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა, თავის გამოსვლაში, ხაზგასმით ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მისი განცხადებით, ,,ოცნების ქალაქის" მშენებლობა უპრეცედენტო სოციალური პროექტია, რომლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა - აშენდა სამი 12-სართულიანი კორპუსი, რომელშიც 582 ოჯახი დაბინავდა. ამასთან, 800-მდე ბავშვი ახლა უკვე ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იზრდება.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, პროექტის მეორე ეტაპი კიდევ უფრო მასშტაბური და ამბიციურია - 19 407 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლებშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინებს. გარდა ამისა, სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა.
,,ოცნების ქალაქის” მშენებლობის მეორე ეტაპი 2028 წელს დასრულდება.