უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის - ტიტე აროშიძის ადგილმონაცვლის - ლაშა სირაბიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი 7 თებერვლის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის თაობაზე, უსკოდან, სათანადო პროცედურების შემდგომ, უმაღლეს საბჭოში შემოვიდა შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე ლაშა სირაბიძის თანხმობა. განხილვის პროცედურების დასრულების შემდგომ, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა, რომლის თანახმადაც, საკითხი მზადაა პლენარული სხდომისთვის.
რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზევე აირჩევენ საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს: აღნიშნულ თანამდებობაზე ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - მამუკა თურმანიძეა წარდგენილი. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრი - ტიტე აროშიძე იკავებდა.