უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილებისა და უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის შესახებ იმსჯელეს. საკითხები საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარმოადგინა.
მისი განცხადებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი - ცოტნე ანანიძე, ამიერიდან, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გააგრძელებს საქმიანობას.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ტიტე აროშიძეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩევის გამო, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდა. კანონმდებლობის თანახმად, გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლედ პარტიული სიის მომდევნო ნომერი, ამ შემთხვევაში - ლაშა სირაბიძის კანდიდატურა მიიჩნევა, მისი თანხმობით.
დავით გაბაიძის განცხადებით, გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის თაობაზე, უსკოდან, სათანადო პროცედურების შემდგომ, უმაღლეს საბჭოში შემოვიდა წერილი და შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე ლაშა სირაბიძის თანხმობა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცა, განისაზღვრა განხილვის ვადა.