აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს: ტიტე აროშიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტი, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ - მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა.
მისი განცხადებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შემოვიდა შესაბამისი წერილი ტიტე აროშიძის უნივერსიტეტის რექტორად 4-წლიანი ვადით არჩევასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტი კი, უმაღლესი საბჭოს წევრის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს.
დადგენილების პროექტს უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
„კოლეგების სახელით, ვულოცავ ბატონ ტიტე აროშიძეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ძალზე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და წარმატებებს ვუსურვებ. ბათუმის უნივერსიტეტს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში. დარწმუნებული ვარ, ახალი რექტორი შეძლებს მის კიდევ უფრო მეტად განავითარებასა და ძლიერ საგანმანათლებლო კერად ჩამოყალიბებას“,- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.