„სასიხარულოა, რომ ბათუმს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს დასვენებასა და გართობას,“ - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ. საკანონმდებლო ორგანოს წევრმა, მამია ვარშანიძის ქუჩის N71-ში მოწყობილი რეკრეაციული სივრცე, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.
აქ სრულად განახლდა და მოწესრიგდა ტერიტორია, მოეწყო ბავშვთა გასართობი, სპორტული და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარეგანათებისა და სანიაღვრე სისტემები, საპარკო ინფრასტრუქტურა, დაირგო მწვანე ნარგავები. პარალელურად, მიმდინარეობს მამია ვარშანიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ შარშან, დასრულდა სკვერის მიმდებარედ არსებული მუნიციპალური დროებითი ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და ბენეფიციარები, კომფორტულ გარემოში, სხვადასხვა სერვისით სარგებლობენ.
რეკრეაციული სივრცეების შექმნა და განვითარება ბათუმისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და 2025 წელს დაგეგმილია არსებული 5 ობიექტის რეაბილიტაცია, ამასთან, ქალაქს, კიდევ 19 ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება.