აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომიტეტებში დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის წარმოდგენილი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატისა და მის მიერ დასახელებული მთავრობის წევრობის კანდიდატების საკითხის განხილვა.
როგორც ცნობილია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარმოდგენილია - თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად - მაია ხაჯიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად - ზაზა შავაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად - ჯაბა ფუტკარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად - ნინო ნიჟარაძე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, სამოქმედო გეგმის წარდგენამდე, მოსახლეობას მადლობა გადაუხადა 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სამოქმედო გეგმა, სტრატეგიული მიმართულებები და სამომავლო ხედვა ეფუძნება მშვიდობითა და ღირსებით ევროპისკენ სვლას. ამასთან, თორნიკე რიჟვაძემ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პოსტზე არჩევა მიულოცა საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს - მიხეილ ყაველაშვილს და იმედი გამოთქვა, რომ სახელისუფლებო გუნდის ერთიანობით კიდევ უფრო განმტკიცდება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანაში.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის სამოქმედო გეგმა, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ეფუძნება ადამიანის უმთავრესი უფლებების, ღირებულებების დაცვას, რეგიონის გრძელვადიან ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას და ყველა იმ გამოწვევის დაძლევას, რომელიც მოსახლეობის წინაშე ჯერ კიდევ დგას. მომხსენებლის განცხადებით, რეგიონში საგრძნობლადაა გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა და დარგობრივი სამინისტროები ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც არ შეფერხებულა, ისაუბრა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე, მზარდ საბიუჯეტო პოლიტიკასა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.
მომხსენებლის თქმით, ახალი მთავრობის უმთავრესი საზრუნავი უმუშევრობის მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების ეფექტურად განხორციელებაა.
თორნიკე რიჟვაძის შემდეგ, კანონმდებლებმა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს, გაეცნენ მათ სამოქმედო გეგმასა და სამომავლო ხედვებს.
კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის ახალი შემადგენლობის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის საკითხს.