30 დეკემბერი

„ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ერთმანეთის სიყვარულმა და თანადგომამ გადაარჩინა. ჩემთვის უდიდესი პატივია ჯილდო, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ჯემალ გამახარიამ დევნილთა მხარდაჭერისთვის გადმომცა,”- აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ, ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებთან გამართული შეხვედრისას .
დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, მორიგი ჰუმანიტარული აქციით, ამჯერად, ბათუმში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა და საახალწლო ნობათი აქ მცხოვრებ 350-მდე დევნილ ოჯახს გადასცა.
აქციის ფარგლებში, დევნილთა თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე - ირაკლი თავდგირიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
შეხვედრა-აქციაზე, რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს წევრები - თეიმურაზ მჟავია, ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საუბარი იყო დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებზე.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი