29 დეკემბერი

პარლამენტის სასახლეში, საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებთან, ასევე მთავრობის, კონსტიტუციური ორგანოების, მართლმადიდებელი ეკლესიის, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.

მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ფიცი, სპეციალურად ამ ცერემონიისთვის შექმნილ ბიბლიასა და საინაუგურაციო კონსტიტუციაზე დადო, რომლებიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება.

ფიცის დადების შემდეგ, მეექვსე პრეზიდენტმა, თავის სიტყვაში, მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, პარლამენტის, მთავრობის წარმომადგენლებს, კოლეგიის წევრებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მიხეილ ყაველაშვილის  განცხადებით, იგი დაიცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე. ამასთან, იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი და მათი ინტერესების გამტარებელი.

მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია საქართველოს პარლამენტის, იმ, ისტორიულ დარბაზში გაიმართა, სადაც 33 წლის წინ, ფიცი დადო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას.

პრეზიდენტის არჩევნები, 2024 წლის 14 დეკემბერს, ისტორიაში პირველად, არაპირდაპირი წესით გაიმართა. 300 წევრიანმა საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი 224 ხმით, 5 წლის ვადით აირჩია.

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედიან - პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები;

პრეზიდენტის არჩევისა და ინაუგურაციის პროცესში ოპოზიციურ პარტიებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი