25 დეკემბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს  გაეცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში, ,,შპს იბერია ორბის ციტრუსში“ იმყოფებოდნენ. საწარმოში, 24 საათის განმავლობაში, 120 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფი ბარდება, აქვე ხარისხდება და გადის პარაფინირების პროცესს, იფუთება ევროსტანდარტების შესაბამისად. აქ, წელს, 1000 ტონამდე სტანდარტული ციტრუსის მიღებას და ექსპორტირებას გეგმავენ. საწარმოში, სადაც 200-მდე ადამიანია დასაქმებული, მიიღება არასტანდარტული მანდარინიც.

„დავათვალიერეთ არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხანა შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’, რომელმაც ნედლეულის მიღება 30 ნოემბერს დაიწყო. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სახელმწიფო სუბსიდია სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტული) მანდარინზე, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ-ზე 35 თეთრია. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრია, საიდანაც ფერმერებს 5 თეთრს საწარმო უხდის,” - განაცხადა ქობულეთის მუნიციალიტეტის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძემ.

უმაღლესი საბჭოს წევრის, ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში მოქმედებს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომლის მიზანი ციტრუსის ლოჯისტიკა-რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე სუბსიდირების უზრუნველყოფაა. შტაბი  1 თებერვლამდე იმუშავებს.

აჭარაში საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამხარისხებელი საწარმო, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს შეუფერხებლად იბარებს ქობულეთში არსებული ორი გადამამუშავებელი ქარხანა. დღეის მდგომარეობით, 27.4 ათასი ტონა მანდარინია ექსპორტირებული, რომლის ღირებულება 15.9 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო გადამუშავდა 5 400 ტონა არასტანდარტული ნაყოფი, რისთვისაც 1.9 მილიონი ლარის სუბსიდია გაიცა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი