20 დეკემბერი

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. კომიტეტის წევრებმა, მოისმინეს ინფორმაცია,  ა(ა)იპ „ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის“ 2024 წლის საქმიანობის შესახებ. შესაბამისი მოხსენება სხდომაზე, ინკუბატორის ხელმძღვანელმა - კახა შავაძემ წარმოადგინა.

მისი განცხადებით, „ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი“ წარმატებით აგრძელებს საქმიანობას ინკუბაციისა და საგრანტო პროექტების მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, ინკუბირებულია 65 კომპანია, რომელთაგან 3 კვლავ საქმიანობს ინკუბატორში. გრძელდება მყარი ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი, კიბერუსაფრთხოების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური წინსვლის პროგრამების განხორციელება.

მომხსენებელმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს.

კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

დღესვე, კომიტეტის სხდომაზე, მოისმინეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია. 2024 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოხსენებით, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - სულხან მოწყობილი წარსდგა.

მისი განმარტებით, „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“ პროგრამის ფარგლებში, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, გზის სხვადასხვა მონაკვეთზე. საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები, რის შემდეგაც კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.