უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, განხილვის პროცედურები იწყება საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც უმაღლესი საბჭოს რეგლამენტსა და ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებებს ითვალისწინებს. საკითხი ბიუროს წევრებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოუდგინა.
მისი განცხადებით, რეგლამენტში ცვლილებები, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ, მაჟორიტარების ინსტიტუტის გაუქმებამ და ოლქის დელეგატის შემოღებამ განაპირობა. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს რეგლამენტის ცალკეული ნორმების დახვეწას და საქართველოს კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.
რეგლამენტის ცვლილებებიდან გამომდინარეობს, ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრებმა - დავით გაბაიძემ, ტიტე აროშიძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და დავით ბაციკაძემ დააინიცირეს, გამარტივებული წესით განიხილება. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.