06 დეკემბერი

უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.

ბიუროს წევრებს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტისა და შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტის შესახებ ინფორმაცია,  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოუდგინა. მარინე გვიანიძის განცხადებით, კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი მთავრობიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში შემოვიდა და მასში უმაღლესი საბჭოს შენიშვნებისა და წინადადებების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია.

ბიუროს გადაწყვეტილებით,  მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეგზავნა.

ბიურომ მოისმინა და ცნობად მიიღო, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - მარინე გვიანიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვის თაობაზე.

სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების დებულებების დამტკიცების შესახებ საკითხი,  საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა: აგრარულ და გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების დებულებები ბიუროს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.

ბიურომ მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს ორ კომიტეტში ფრაქცია „ქართული ოცნების“  კვოტით წარდგენილ წევრთა გადანაცვლების საკითხს -  ფატი ხალვაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, რამაზ ჯინჭარაძე კი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტში გააგრძელებენ საქმიანობას.

სხდომაზე, ასევე, განიხილეს და მიიღეს უმაღლესი საბჭოს 2024 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატანი ცვლილება, რომელიც კანონმდებლებს აპარატის უფროსმა - ზურაბ ჭურკვეიძემ გააცნო.