28 ნოემბერი

 „ხულოს მუნიციპალიტეტში ორი დღეა გადაუღებლად თოვს, რამაც გარკვეული პრობლემები გამოიწვია გზებზე, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია აღდგენით სამუშაოებში და უამინდობის გამო წარმოქმნილი პრობლემები მალე აღმოიფხვრება“, - განაცხადა, ხულოს დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ ბერიძემ, სალიკვიდაციო სამუშაოების დათვალიერებისას.

 უმაღლესი საბჭოს წევრი, მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას,  აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის საგზაო დეპარტმენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. 

ხულოს მუნიციპალიტეტში, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები.  რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური განაგრძობს მუშაობას დაზიანებული ქსელის აღსადგენად და ავარიული მონაკვეთების დროული ლიკვიდაციისთვის. 

მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, აგრძელებს უწყვეტ რეჟიმში მუშაობას.

მოქმედებს ცხელი ხაზი - 551 00 32 40