15 ნოემბერი

„რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტი 11%-ზე მეტით იზრდება და 850 მილიონ ლარს აჭარბებს. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ბოლო წლების ტენდენციაა, რაც ქვეყანაში არსებულმა სტაბილურმა მდგომარეობამ და სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა“, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ, ამავე კომიტეტის სხდომაზე, მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განხილვისას. კანონმდებლებს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’კანონპროექტისა და თანმდევი ავტონომიური რესპუბლიკის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ, მოხსენება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოუდგინა.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, გაგრძელდება რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება. იზრდება, როგორც კაპიტალური ხარჯების, ასევე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი სპეციალური ტრანსფერების მოცულობა. პროექტის თანახმად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება 12%-ით და შეადგენს 144 060 500 ლარს, 6%-იანი ზრდაა განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტში, რომელიც 151 000 000 ლარით განისაზღვრა,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 7%-ით იმატებს და  65 500 000 ლარია,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი კი, 15%-იანი ზრდით - 36 820 500 ლარს შეადგენს.

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარის, მარინე გვიანიძის შეფასებით, მომავალი წლის ბიუჯეტი პასუხობს არსებულ გამოწვევებს, მასში გათვალისწინებულია რეგიონის მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები. მისივე თქმით, კომიტეტის რეკომენდაციაა, სამომავლოდ, გენდერული ბიუჯეტირების ასპექტების ასახვა სხვადასხვა მიმართულებით.

კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტემა, მხარი დაუჭირა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

სხდომაზე, მოისმინეს და ცნობად მიიღეს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვის თაობაზე. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი, სამი კვარტლის მონაცემებით გადაჭარბებით შესრულდა.

კომიტეტმა, ასევე მოისმინა და ცნობად მიიღო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის  რესპუბლიკური  ბიუჯეტის შესახებ’’ კანონპროექტის თაობაზე.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი