15 ნოემბერი

უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც  ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი და ავტონომიური რესპუბლიკის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს. შესაბამისი მოხსენება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები 850 100 000 ლარს შეადგენს,  შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 770 100 000 ლარია. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 630 000 000 ლარით, ხოლო სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 25 100 000 ლარით განისაზღვრა.

 ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე, პროგრამებსა და დაგეგმილ სიახლეებზე. მოხსენების შემდეგ, უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს. 

კომიტეტმა, მხარი დაუჭირა, კანონპროექტსა და თანმხლებ პრიორიტეტების დოკუმენტზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

სხდომის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, აჭარის მთავრობას თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, გასული 4 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. ასევე, თანამშრომლობისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დეპუტატებს, უმაღლესი საბჭოს აპარატს, მის ხელმძღვანელობას, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს, მასმედიასა და საზოგადოებასთა ურთიერთობის დეპარტამენტს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი