„ქართული ჭიდაობა, ქართველი კაცის გენშია, ჩვენი გენეტიკური კოდი და იდენტიფიცირების საშუალებაა. მადლობა, რომ მსგავსი ასპარეზობისთვის ბათუმი შეარჩიეთ. ყოველთვის გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, ბათუმის სპორტის სასახლეში, ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს პირველი ღია აბსოლუტური ფალავნობის გახსნისას. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ასპარეზობის მონაწილეებს, გულშემატკივრებსა და სტუმრებს მერაბ დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება მიულოცა და თითოეულ სპორტსმენს წარმატება უსურვა.
ტურნირში 15 ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ასპარეზობდა. ქართველ სპორტსმენთა შორის იყვნენ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე და საქართველოს აბსოლუტური ფალავნის ტიტულის არაერთგზის მფლობელი სხვა მოჭიდავეები. ქართველმა მოჭიდავეებმა ყველა წონით კატეგორიაში იმარჯვეს და საპრიზო ადგილები არავის დაუთმეს.
ნახევარფინალური ორთაბრძოლების დაწყებამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა - გელა ბერუაშვილმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს ასპარეზობის საპატიო სტუმრები, ფინალური ბრძოლების დასრულების შემდეგ კი გამარჯვებულ სპორტსმენებს დამსახურებული ჯილდოები გადასცეს.
ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს პირველი ღია აბსოლუტური ფალავნობის გახსნის ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის ჭიდაობის ფედერაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისათვის: ქართულ ჭიდაობას იუნესკომ (UNESCO) 2018 წელს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.