აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, სოციალურ მეცნიერებებში დებატების თემაზე გამართულ მე-15 საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობდა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მონაწილეებს მნიშვნელოვანი ფორუმის გახსნა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. ამასთან,დავით გაბაიძე კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა თემაზე - „პარადიპლომატია და ქართული სინამდვილე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე“.
კონგრესი სახელწოდებით - “CUDES 2024: 15th International Congress on Current Debates in Social Sciences“ 32 თემატურ მიმართულებას მოიცავს და მასში სახელისუფლებო, საგანამანათლებლო, აკადემიური/სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა მკვლევრები, ასევე მექსიკის, ჩეხეთის, თურქეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ კვიპროსის, ლონდონის, გერმანიის, ბულგარეთის, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა უნივერსიტეტები მონაწილეობენ. CUDES-ის პლატფორმა მეცნიერებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს სოციალური მეცნიერებების თანამედროვე საკითხების განსახილველად დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობებს აძლევს.
ბათუმში მიმდინარე კონგრესზე, მონაწილეები ორი დღის განმავლობაში პლენარული/ძირითადი სესიების, დისკუსია/დებატებისა და სამუშაო ფორმატში იმუშავებენ.