წუთიერი დუმილით დაიწყო უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა - კანონმდებლებმა პატივი მიაგეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინციდენტისას გარდაცვლილი ერმილე გიგიაძის ხსოვნას. კომიტეტის თავმჯდომარის, ილია ვერძაძის განცხადებით, ახლა, როცა ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდია და უმაღლეს საბჭოში სხდომები მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის გამო იმართება, ყველა პოლიტიკური ძალა ვალდებულია პატივი სცეს უმთავრეს ადამიანურ ღირებულებას - ღირსებას, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა არავის პატიობს ღირსების შელახვას.
დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შემდეგ, კომიტეტის წევრების წინაშე 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა. მისი განცხადებით, გადასახდელების ნაწილში, რომელიც 332 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, ბიუჯეტი 75 %-ით (229 მილიონი ლარი) შესრულდა. გადაჭარბებით, 103 %-ითაა შესრულებული შემოსულობების ნაწილი, რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადებს, აქ ანალოგიური მაჩვენებელი - 112 %-ს აჭარბებს. ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა ისაუბრა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. წარმოდგენილი ანგარიში კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.
კომიტეტის წევრებს, თემატური მოკვლევის - „ადრეული ქორწინება და მისი უკუშედეგები“ შესახებ ინფორმაცია, უმაღლესი საბჭოს წევრმა - ფატი ხალვაშმა გააცნო. მისი განცხადებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაწყებული თემატური მოკვლევის ფარგლებში, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, განხორციელდა მთელი რიგი აქტივობები და სახეზეა პირველადი მონაცემები.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, თემატური მოკვლევა გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, ცნობადაა მიღებული.