„ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ უკვე ტრადიციაა, რომელიც ყოველი წლის 28 აგვისტოს, „მარიამობის“ დღესასწაულზე აღინიშნება. ღონისძიება სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს, აცნობს ადგილობრივ ფოლკლორს, ტრადიციებს, ხელს უწყობს სამთო ტურიზმის პოპულარიზაციას“, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრმა - ფრიდონ ფუტკარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში, მთა თაგინურზე გამართულ ფესტივალზე.
„ჯვარიმინდვრობას“ 12 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როცა სოფელ ჭვანას მცხოვრებლებმა, მე-18 საუკუნეში აჭარიდან გატანილი ჯვარი, გურიიდან შუახევის მუნიციპალიტეტში ფეხით გადმოაბრძანეს.
ფესტივალის მონაწილეებს დღესასწაული მიულოცეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შუახევის მუნიციპალიტეტისა და ჭვანის ხეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 6 მოქალაქეს „საპატიო ჭვანელის“ წოდება მიენიჭა.
ღონისძიების მონაწილეებმა, ტრადიციულად, დალაშქრეს მთის მწვერვალი, სადაც ქვაზე ჯვარი ბუნებრივადაა გამოსახული.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და საბავშვო ღონისძიებები. „ჯვარიმინდორი -2024“ კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.