12 აგვისტო

„ამბობენ, რომ ახალგაზრდობა მომავალია, მაგრამ თქვენ ხართ ჩვენი აწმყოც და მომავალიც, საზოგადოების ის ნაწილი, რომლის მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივ, ისე სახელმწიფოებრივ საქმიანობაში,“- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ბათუმში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე და შეკრებილებს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან ერთად, დიდგორობის დღესასწაული მიულოცა.

ფორუმზე - „ახალგაზრდების მონაწილეობითი პოლიტიკა -2024“, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე, დავით ბაციკაძე, ქალაქ ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ, წარმოდგენილი იყო ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ 2019 წლიდან დღემდე განხორციელებული საქმიანობის საერთო ანგარიში, პრიორიტეტული მიმართულებები.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმში, რომლის მიზანი ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება, მუნიციპალურ დონეზე მომავალი თაობის მონაწილეობითი პოლიტიკის წახალისება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრებაა, 200-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან.

ღონისძიება, რომელიც ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, სამუშაო ფორმატში გაგრძელდა.