აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, 2024 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი 14 ხმით დაამტკიცეს. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.
პროექტის თანახმად, იცვლება საბიუჯეტო ორგანიზაციების ასიგნებების მოცულობა, ასევე საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები და შემოსულობები. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი (ნაშთის გამოყენების გარეშე) იზრდება 59 650,0 ათასი ლარით და შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 708 750,0 ათასი ლარით. იზრდება როგორც საბიუჯეტო შემოსავლები, ასევე საშემოსავლო გადასახადების ფაქტობრივი და მოსალოდნელი შესრულების მაჩვენებლები. 40 000,0 ათასი ლარით იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები. ამდენივეა ზრდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. რაც შეეხება გადასახდელების საპროგნოზო მოცულობას, აქ ზრდა 62 892,4 ათასი ლარია. მომხსენებლის განცხადებით, რეგიონში შეუფერხებლად გრძელდება ყველა მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი, გაზრდილი ბიუჯეტი უწყებების ნაწილს ახალი ქვეპროგრამების განხორციელების საშუალებას აძლევს.
კანონის პროექტზე თანამოხსენება წარმოადგინა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ. მისი განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯანდაცვისა და სოციალური, განათლებისა და სპორტის მიმართულებით არსებული პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების, რეგიონისათვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
კითხვა-პასუხისა და შეფასებების დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა, 764 700 200 ლარის მოცულობის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცეს.
სხდომაზე გამარტივებული წესით განიხილეს და 14 ხმით მიიღეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. ინიციატივა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაყვანისთვის შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასა და აღნიშნული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“ ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.