18 ივლისი

    საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის 2024 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის, მარინე გვიანიძის განცხადებით, აჭარის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი უმაღლეს საბჭოში კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში შემოვიდა და განხილულია კომიტეტებში. საკითხზე წამყვან კომიტეტს კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

    პროექტის თანახმად, იცვლება საბიუჯეტო ორგანიზაციების ასიგნებების მოცულობა, ასევე საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები და შემოსულობები. წარმოდგენილი პროექტით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი (ნაშთის გამოყენების გარეშე) იზრდება 59 650,0 ათასი ლარით და  შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 708 750,0 ათასი ლარით. იზრდება როგორც საბიუჯეტო შემოსავლები, ასევე საშემოსავლო გადასახადების ფაქტობრივი და მოსალოდნელი შესრულების მაჩვენებლები.

    მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის შემოსავლები, 2024 წლის დამტკიცებულ საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, იზრდება 40 000,0 ათასი ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი ფაქტიური და მოსალოდნელი შესრულების გათვალისწინებით, იზრდება ასევე 40 000,0 ათასი ლარით.

    კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს და ისაუბრა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც რეგიონში ხორციელდება.

    კომიტეტმა კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი