11 ივლისი

   „საზოგადოება ფასდება თითოეულ წევრზე ზრუნვის ხარისხით. სწორედ ამიტომაა უმნიშვნელოვანესი დამხმარე ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენება, რაც შშმ პირთათვის მეტი დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯია,“- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ ბათუმში, დამხმარე ტექნოლოგიების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნისას.

   კონფერენცია - „დამხმარე ტექნოლოგიები - გზა მეტი დამოუკიდებლობისკენ“, რომელიც ორგანიზაცია „ქონსროთ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა მარიამ გელაშვილმა გახსნა, შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებელ თანამედროვე, ინოვაციურ, ტექნოლოგიურ მიღწევებს დაეთმო. აქვე წარმოდგენილი იყო დამხმარე ტექნოლოგიები, რომლებიც კომუნიკაციის, კომპიუტერულ სისტემებზე ხელმისაწვდომობისა და გადაადგილების ხელშეწყობისთვის (თვალით მართვადი კომპიუტერული სისტემები, კომუნიკაციის დაფები, კომუნიკაციის ღილაკები, სენსორული ჟილეტები და ა.შ.) შეიქმნა.

   შშმ პირთათვის განკუთვნილ ტექნოლოგიებზე, აუგმენტურ და ალტერნატიულ კომუნიკაციაზე, შეფასების ინსტრუმენტებზე, ხელმისაწვდომ სერვისებზე ინფორმაცია, კონფერენციის მონაწილეებმა, საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტებისგან მოისმინეს.

   კონფერენცია აჭარის უმაღლესი საბჭოს,  ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის - „ავიცენას“,  ორგანიზაციების -„ქონსროთ ჯორჯიას“, „ქონსორთ ვორდის“,  „მაკ ჯორჯიასა“  და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი