„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებისა და ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც მოახლოებული არჩევნები ჩატარდება. შშმ პირთათვის, თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად ვართ ჩართულები“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა, „საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ“ ბათუმში გამართული საინფორმაციო შეხვედრის გახსნისას.
ღონისძიება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის - IFES საქართველოს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის მენეჯერმა, მირანდა ტყაბლაძემ, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ, ცესკოს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, სოფიო სიჭინავამ და საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტმა, ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს.
შეხვედრაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე, ახალ, ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, მათი დანერგვის მნიშვნელობასა და საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობაზე. შშმ პირთა მონაწილეობით ჩატარდა იმიტირებული კენჭისყრა.