უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, კომიტეტის აპარატის უფროსი - ლეილა ღოღობერიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან - ნინო ნიჟარაძესთან, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან, ოფიციალურ სტუმრებთან ერთად, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს ეწვივნენ, რომელიც დასავლეთ საქართველოში, საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი პედიატრიული სამედიცინო ცენტრი გახდა.
ჰოსპიტალის წარმომადგენლები, ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის (AACI) სერტიფიკატის მისაღებად, შესაბამის კომისიასთან რამდენიმე თვე ინტენსიურად მუშაობდნენ, გაიარეს ყველა აუცილებელი პროცედურა და დააკმაყოფილეს აკრედიტაციის მისაღებად დაწესებული უმაღლესი სტანდარტები.
AACI არის „ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ (ISQua/IEEA) აკრედიტებული წევრი, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით, საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. კომისიის მიერ აკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრები.
ბათუმის იაშვილის ჰოსპიტალი აჭარის რეგიონში არსებული მულტიპროფილური ცენტრია. აქ შესაძლებელია დედათა და ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიღება. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს მეორე-მესამე დონის პერინატალური ცენტრი, რომელიც მოიცავს სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს და უზრუნველყოფს ახალშობილების ინტენსიური თერაპიის სრულფასოვან სპექტრს. ამასთან, ჰოსპიტალი რეგიონის მოსახლეობას ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სერვისს 24 საათის განმავლობაში აწვდის.