უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გაზრდილი ბიუჯეტი, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ეკონომიკური აღმავლობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის გარანტიას იძლევა. წარმოდგენილი ინფორმაციით, 11%-ით იზრდება და დაახლოებით 155 მილიონი ლარი იქნება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი. დაახლოებით 146 მილიონი (4 %-იანი ზრდა) იქნება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, 35 მილიონ ლარს (11 %-იანი ზრდა) გადააჭარბებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი საფინანსო დოკუმენტი. ყველაზე მეტი, 30%-იანი ზრდა ექნება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 66 მილიონიანი ბიუჯეტი გაზრდილ და ახალ პროგრამებზე გაიხარჯება.
მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო.