15 ივნისი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სხდომა გამართა შუახევის მუნიციპალიტეტში.  სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე უძღვებოდა, სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის -რუსუდან შავიშვილის ინფორმაცია მოისმინეს 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

   როგორც აღინიშნა, ცენტრმა, საანგარიშო პერიოდში, რეგიონში ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო გარემოს უზრუნველყოფის, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნისა და დროული რეაგირების, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ჩართულობის, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დიაგნოსტიკის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განახორციელა.

   გაწეულ საქმიანობასა და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე საუბრის შემდეგ, რუსუდან შავიშვილმა 2024 წლის პირველი კვარტლის ანგარიში წარმოადგინა, უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს და მოისმინა სხდომის მონაწილეთა მოსაზრებები.

   კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღო.

   სხდომაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ფრიდონ ფუტკარაძე, ანზორ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და მედიკოსები ესწრებოდნენ, ბოლო საკითხად თემატური მოკვლევის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტებმა დაიწყეს ერთობლივი თემატური მოკვლევა  - „ადრეული ქორწინება და მისი უკუშედეგები“. ცოტნე ანანიძის განცხადებით, მოკვლევის დასრულების შემდეგ, მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები გადაიგზავნება ყველა შესაბამის უწყებაში.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი