13 ივნისი

  „აჭარა, თავისი მდიდარი ისტორიული წარსულით, ტრადიციებით, ყოველთვის იყო პროგრესისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიდრეკილი რეგიონი. ვამაყობთ, რომ დღეს ვმასპინძლობთ ევროპის რეგიონთა გენერალურ ასამბლეას და შავი ზღვის მე-8 სამიტს, რომელზეც ევროპელ კოლეგებს უკეთ გავაცნობთ ჩვენი რეგიონის მრავალმხრივ პოტენციალს“, - აღნიშნა ევროპის რეგიონთა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ, ბათუმში, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) „გენერალური ასამბლეისა და შავი ზღვის მე-8 სამიტის“ გახსნისას. უმაღლესი საბჭოს წევრი პირველი ქართველია, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2023 წლის 30 ივნისს აირჩიეს.

   სამიტს, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტმა - ალბერტ კასტელანოს მადუელემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა გახსნეს,  აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, ასამბლეის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   ყურადღება გამახვილდა ევროპის რეგიონთა ასამბლეასთან (AER) მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია აჭარის შესახებ. სამიტის ფარგლებში, გაიმართა AER-ის  ბიუროს შეხვედრა, გენერალური ასამბლეა და მაღალი დონის პოლიტიკური კონფერენცია რეგიონულ საკითხებზე. პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებზე, საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ევროკავშირის გაფართოება და შავი ზღვის რეგიონი, ინოვაციები და სტარტაპები, ევროკავშირთან თანამშრომლობა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

   გენერალურ ასამბლეასა და სამიტში, რომელიც 14 ივნისს დასრულდება, ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, ასამბლეის წევრი ქვეყნების რეგიონების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

   სამიტამდე ერთი დღით ადრე, AER-ის პრეზიდენტს - ალბერტ კასტელანოს მადუელეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ უმასპინძლა. შეხვედრას ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - დავით ბაციკაძე ესწრებოდა.  

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი