12 ივნისი

      ხვალ, 13 ივნისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება -  „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე წარმოადგენს. 14 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე კი, ყოველწლიური ანგარიშით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე წარსდგება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მორიგ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. აღნიშნული საკითხი და „მინისტრის საათის“ განრიგში შესატანი ცვლილება ბიუროს წევრებს დავით გაბაიძემ გააცნო.

      სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - მარინე გვიანიძის მიერ წარდგენილი დადგენილების პროექტი -  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ და 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება. რაც შეეხება 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშს, ბიუროს წევრებმა, ის ცნობად მიიღეს.

      კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის შუამდგომლობას - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტისთვის განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე. საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

      ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტები იწყებენ ერთობლივ თემატურ მოკვლევას - ,,ადრეული ქორწინება და მისი უკუშედეგები“.  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ილია ვერძაძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ბიუროს წევრებმა ცნობად მიიღეს.

      კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უმაღლესი საბჭოს 2024 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში  შესატანი ცვლილების პროექტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა - ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი