04 ივნისი

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე და მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი - ფრიდონ ფუტკარაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში „სელიმობის“ ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრნენ.

    სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად დამკვიდრებული სახალხო ზეიმი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულიდან დაიწყო. რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ხულოს თვითმმართველობის, სამეცნიერო წრეების, საზოგადოების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს გმირი მამულიშვილის საფლავი და შემდეგ სხალთაში გადაინაცვლეს, სადაც ხიმშიაშვილთა საგვარეულოს კიდევ ერთი სახელოვანი წარმომადგენლის - შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულთა პატივსაცემად სანთლები აინთო სხალთის ტაძარში.

    ტრადიციული დღესასწაული სერიყანაში გაგრძელდა. ღონისძიების მონაწილეებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ის ადგილი, სადაც 1815 წლის 3 ივნისს სელიმ ხიმშიაშვილს თავი მოკვეთეს. ამის შემდეგ ღონისძიება ბაკოს საჯარო სკოლის ეზოში საზეიმო ღონისძიებითა და კონცერტით გაგრძელდა.

    სელიმ ხიმშიაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ფრიდონ ფუტკარაძემ, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა. სახალხო ზეიმი „სელიმობა“ აჭარაში 2005 წლიდან აღინიშნება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი