„აქტიური ახალგაზრდული პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ რეგიონისა და მისი ცალკეული მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის მომავალი, სწორედ ახალგაზრდების ხელშია,“- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებულ „მუნიციპალური ფორუმის” მონაწილეებთან შეხვედრისას.
პანელური შეხვედრის ფორმატში, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე -დავით ბაციკაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ახალგაზრდების მიერ შემუშავებული პროექტების განხილვაში მონაწილეობდნენ.
ფორუმის განმავლობაში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგ-სემინარები პროექტის წერასა და ინიცირებაზე. მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, შემუშავდა პროექტები, რომელთა პრეზენტაციაც ღონისძიების დასკვნით ნაწილში შედგა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა საუკეთესო პროექტი სახელწოდებით - „მომავლის სამყარო“, რომლის მიზანი, არაფორმალური მეთოდებით, ახალგაზრდებში ფიზიკისადმი ინტერესის გაზრდაა.
გამარჯვებული გუნდის იდეა 3000-ლარიანი გრანტით განხორციელდება.