23 მაისი

       საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. მოხსენებით, კანონმდებლების წინაშე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარსდგა.

       ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, 2023 წლის შემოსულობების გეგმა - 100,1 %-ით, შემოსავლების გეგმა - 100,8 %-ით შესრულდა, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გეგმის მაჩვენებელმა - 100,6 % შეადგინა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გადაჭარბებით - 104,5 %-ით შესრულდა სხვა შემოსავლების  გეგმა, არაფინანსური აქტივების კლების გეგმის მაჩვენებელმა კი - 92,0 % შეადგინა. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა ანგარიში უმაღლესი საბჭოს სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

       მინისტრმა, სხდომაზე, 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშიც წარმოადგინა. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

       კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება - 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.
         დღის წესრიგის ბოლო საკითხი - დადგენილების პროექტი - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, კანონმდებლებს მარინე გვიანიძემ გააცნო. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

      სხდომას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.