უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მოუსმინეს - მაია ხაჯიშვილის განცხადებით, უწყების ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც სხვადასხვა მიმართულებით მეტი პროგრამისა და პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა.
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის, მოსწავლეთა ტრანსპორტირების, წახალისების, შემოქმედებითი, სპორტული, კულტურული და სამეცნიერო უნარების განვითარება-გაძლიერების ხელშემწყობი პროგრამების გარდა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, სტუდენტ-ახალგაზრდობის, პედაგოგების, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების მხარდამჭერ პროგრამებზე. მაია ხაჯიშვილმა, თავის გამოსვლაში, ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის, სამუზეუმო სფეროს განვითარების საკითხებსა და იმ აქტივობებზე, რომლებიც კულტურისა და სპორტის მიმართულებით ხორციელდება.
გამოსვლის დასრულების შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კითხვებს. გამოსვლებისა და შეფასებების შემდგომ, წარმოდგენილი ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე აქტივობების შესახებ, კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.
სხდომაზე მოისმინეს და ცნობად მიიღეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა.
დღევანდელ სხდომას, ბოიკოტის გამო, არ ესწრებოდნენ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი - გიორგი კირთაძე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე გაკეთდა განცხადებები.