უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ზაურ ახვლედიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებიან.
4 აპრილს, დელეგაციას, პეკინში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - პაატა კალანდაძემ უმასპინძლა. შეხვედრას, რომელზეც ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, ესწრებოდა პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოში ჩაის კულტურის დამაარსებლის, ლაო ჯინ ჯაოს შვილიშვილი - დევიდ ხაო.
ვიზიტის ფარგლებში, თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის მუზეუმების ადმინისტრაციების, სამუზეუმო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
„ჩვენთვის, როგორც მზარდი ტურისტული რეგიონისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია გავიზიაროთ მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე სხვა ქვეყნების გამოცდილება. ამასთან, ცნობილია, რომ ჩაქვში, ლაო ჯინ ჯაოს ყოფილ საცხოვრებელ სახლში, მისი სახელობის მუზეუმი დაარსდება. ჩინელი სპეციალისტების კონსულტაციები და გამოცდილება ამ მიმართულებით, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება საქართველოში ჩაის კულტურის დამაარსებლის ყოფისა და ეროვნული ტრადიციების რეალური სურათის შექმნაში,“- განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით ბაციკაძემ.