02 აპრილი

      აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი - ფატი ხალვაში,  აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ და პატარა ბენეფიციარებს მათ საჭიროებებზე მორგებული სპეციალური ნივთები გადასცეს.

      „აუტიზმი მსოფლიოსთვის კიდევ ერთი გამოწვევაა. ამ დღის მიზანი, აუტიზმთან დაკავშირებით  საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათი უნარების რეალიზაციის ხელშეწყობაა,“- აღნიშნა ილია ვერძაძემ.

      ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - ზურაბ თენიეშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი - რუსუდან შავიშვილი, ცენტრის აღსაზრდელები, მშობლები და მედიკოსები ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა აუტისტური სპექტრის მქონეთათვის სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის საკითხებზე. ღონისძიების მონაწილეებმა ერთ-ერთ ბენეფიციარს ცენტრში დასაქმება მიულოცეს და  გაწეული საქმიანობისთვის მედიკოსებს მადლობა გადაუხადეს.

       ცენტრი ბენეფიციარებს, სხვადასხვა სამედიცინო სერვისთან ერთად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ მკურნალობის კურსს სთავაზობს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი