19 მარტი

   „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქვეყნის სწრაფი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ მიზნით, ბოლო წლებში, საქართველოში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, 2023 წელს კი, პარლამენტმა, მიიღო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია,“ - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ, ბათუმში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნისას.

   კონფერენცია -„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება: ფინანსურ რესურსებზე წვდომა და ეკონომიკური უფლებები, როგორც ცვლილებების კატალიზატორი“ ორ პანელურ სესიად წარიმართა და აჭარაში ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას, მათი ეკონომიკური უფლებების დაცვის საკითხებს, სასამართლო პრაქტიკასა და ძირითად გამოწვევებს დაეთმო.

   „ფინანსურ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობები და გამოწვევები აჭარაში“ პანელური დისკუსიის მოდერატორმა, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ -  მარინე გვიანიძემ და უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო პოლიტიკასა და ამ მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილეს ყურადღება.

  ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში აჭარის უმაღლესი საბჭოს,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასამართლო ხელისუფლების,  პროკურატურის, სამოქალაქო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეწარმე ქალები მონაწილეობდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი