აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიაში მონაწილეობდნენ.
ისტორიული პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა აჭარის 39 სოფელსა და დაბებში მოეწყობა. სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად დაიწყება.
ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ცოტნე ანანიძის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ოჩხამურის, ცეცხლაურის, ჯიხანჯურის, ქვედა კვირიკეს, მუხაესტატეს მეურნეობის დასახლებისა და ჩაქვისთავის მოსახლეობა 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. აშენდება წყლის 6 რეზერვუარი, 4 სათავე ნაგებობა, ჩამდინარე წყლების გამწმენდი 5 ნაგებობა და წყალარინების სეპტიკური ავზები.
პროექტის პირველივე ეტაპზე, 2024 წელს, 24-საათიანი წყალმომარაგებით ასევე ისარგებლებენ: ქედის მუნიციპალიტეტის დასახლებები - მილისი, უჩხითი და ქოსოფელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - კირნათი და კობალეთი. პროექტი, ჯამში, აჭარაში მცხოვრებ 6000-მდე ოჯახს მოიცავს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის, საქართველოში გერმანიის საელჩოს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW, „აჭარის წყლის ალიანსის“ წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.