აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები - ფრიდონ ფუტკარაძე და ილია ვერძაძე მაღალმთიან აჭარაში იმყოფებოდნენ. საკანონმდებლო ორგანოს წევრები ხულოს, შუახევისა და ქედის თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, ისაუბრეს მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ილია ვერძაძე და ფრიდონ ფუტკარაძე გაეცნენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. როგორც აღინიშნა, სოფლის ცენტრებთან მისასვლელი და შიდა საუბნო-სასოფლო გზები გახსნილია თითქმის ყველა მიმართულებით, დასკვნით ფაზაშია საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოები გარდა ამისა, ათეულობით ლოკაცია გაიწმინდა მეწყრული მასისა და ზვავისაგან. სამუშაოები კვლავ უწყვეტ რეჟიმში გრძელდება დამეწყრილ მონაკვეთებზე.
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების განმარტებით, უახლოეს დღეებში მზად იქნება გეოლოგიური სამსახურის დასკვნებიც, რომელთა შესაბამისად, დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.