16 თებერვალი

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, დავით გაბაიძე და  თორნიკე რიჟვაძე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მაღალმთიან აჭარაში მეწყრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს გაეცნენ.

ხულოში, შუახევსა და ქედაში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 400-მდე  ოჯახი.

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და დამეწყრილი საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე ლოკაციაზე გაეცნენ, მათ შორის, სხალთის ხეობასა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცივაძეებში.

მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილი გზის მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. გაწმენდილია  ადგილობრივი მნიშვნელობის, შიდა სასოფლო საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები, ასობით ლოკაციიდან გატანილია მეწყრისა და ზვავის ჩამოტანილი მასა. ამ ეტაპისთვის გაწმენდილია 137 მიმართულება

გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებმა შეისწავლეს დამეწყრილი ტერიტორიები და დასკვნების შესაბამისად გატარდება შემდგომი ღონისძიებები.

მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, მერიის  შესაბამისი კომისია სწავლობს. დაზარალებულ  ოჯახებზე გაიცემა კომპენსაცია.