აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის მემორანდუმის გაფორმებას დაესწრნენ. დოკუმენტს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ოთარ დიასამიძემ, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სანდრა შენკემ და პროგრამის დირექტორმა, იან რიკმეიერმა მოაწერეს ხელი.
“Connect Georgia-ს” პროექტის - “მდგრადი მობილობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის სატრანსპორტო პოლიტიკის საერთო დოკუმენტი მომზადდება. დაგეგმილია რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის საპილოტე მოდელის შექმნა აჭარის მაგალითზე, რაც ეკონომიკისა და ტურიზმის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. რეგიონულ სამუშაო ჯგუფთან ერთად, პროექტზე საერთაშორისო ექსპერტები იმუშავებენ.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ახალი პროექტი -“Connect Georgia” 2023 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაფინანსებით.