„არჩევნები, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია, რომლითაც ფასდება ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ ბათუმში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ ორგანიზებული კონფერენციის - „ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში“ გახსნისას.
კონფერენციის მონაწილეებს IFES-ის პრეზიდენტი - ანტონ ბანბერი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - გიორგი კალანდარიშვილი, IFES საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - რენატა ლევოვსკი მიესალმნენ.
საქართველოში ახალი ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარებისა და მასში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.
ახალგაზრდების პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის გამოწვევებისა და შესაძლებლობების საკითხებზე მიძღვნილ პანელში, მოხსენებები უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ წარმოადგინეს.
კონფერენცია, რომელშიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო სისტემების, სამოქალაქო სექტორის, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ტექნოლოგიური არჩევნების დემონსტრირებით დასრულდა.