„არსებობს პროფესიები, რომლებიც არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაა. მათ შორის არიან მედიკოსები, რომლებსაც ურთულესი პასუხისმგებლობა აკისრიათ. შეუფასებელია თქვენი შრომა სიცოცხლისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ „მედიცინის დღესთან“ დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე. დავით გაბაიძემ მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და „წლის ექიმის“ სიგელები - ვახტანგ აფხაზავასა და ზეინაბ ფაღავას გადასცა.
მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ:
„როგორც ექიმს, კარგად მესმის იმ ტვირთის სიმძიმე, რომელიც ჩვენს პროფესიას ახლავს თან. გისურვებთ მეტ მადლიერ და გამოჯანმრთელებულ პაციენტს “, - აღნიშნა ილია ვერძაძემ.
წლის საუკეთესო მედიკოსთა დაჯილდოებამდე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რეგიონის სამედიცინო სფეროში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინა.
შემაჯამებელ ღონისძიებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, საქართველოს პარლამენტის, რეგიონის მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.