აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლით, შემაჯამებელ სხდომას დაესწრო.
სხდომაზე, რომელიც პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გახსნა, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების შესაბამისად შემუშავებული კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს და მესამე მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს. ორივე საკითხი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ნინო თანდილაშვილმა წარმოადგინა.
კომიტეტის შემაჯამებელ სხდომას, საპატიო სტუმრის სტატუსით, აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) კავკასიის ეკონომიკური მმართველობის ოფისის ხელმძღვანელი - მიშელ კოსელსკი ესწრებოდა.