21 დეკემბერი

  „ეს, პირველი სხდომაა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებიდან. ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას და მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორ ორგანიზაციას“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული სხდომის დაწყებისას.

  დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, კანონმდებლებმა საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცეს, აჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი.

  დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. კანონმდებლებმა, გამარტივებული წესით, განიხილეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტსა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. წარმოდგენილი პროექტების თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭო, თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა, ღია კენჭისყრით აირჩევს სხვა თანამდებობის პირებს. რეგლამენტის პროექტი -13, უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი კი - 14 ხმით მიიღეს.

  კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მეორე საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც „ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათი მართვის შესახებ“ (I მოსმენა) კანონსა და უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს მოიცავს - საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის  პარლამენტში წარდგენის შესახებ.

 სხდომას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

 სხდომის დასასრულს, დარბაზში აჟღერდა საქართველოს ჰიმნი - აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია დაიხურა.

                                     

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი