„სასიხარულოა, რომ პიროტექნიკის თავისუფალი წვდომის შეზღუდვაზე ინიციატივა ახალგაზრდებისგან მოდის და უახლოეს მომავალში, ეს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებშიც აისახება, რომელზეც საქართველოს პარლამენტი მუშაობს“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ USAID-ის „სამოქალაქო განათლების პროგრამის“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრისას.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის წევრებმა, საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, სსიპ ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ - „იდეატორის“ წევრებს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლეღვასა და წყავროკის საჯარო სკოლების უფროსკლასელებს, „პიროტექნიკის თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ“ პეტიციასთან დაკავშირებული შემდგომი პროცედურები გააცნეს.
აღნიშნული პეტიცია, რომლის ავტორი ბათუმის №16 საჯარო სკოლის კლუბი „იდეატორია“, სამართლებრივი შეფასებისა და განხილვის შემდგომ, აჭარის უმაღლესი საბჭოდან საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნა, სადაც შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.