15 დეკემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და ილია ვერძაძე, 13-14 დეკემბერს, ესპანეთის დედაქალაქში, მადრიდში, ევროპის რეგიონულ ფორუმში - „ხელმისაწვდომი ევროპა: ICT 4 ALL“- ში მონაწილეობდნენ.

 ესპანეთის სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით გამართული ფორუმის მიზანი რეგიონული ქსელების გაძლიერება და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაა. ღონისძიება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურად იმართება.

 „ფორუმი, როგორც წესი, აერთიანებს კანონმდებლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ხელმისაწვდომობის, ინკლუზიური ციფრული საზოგადოების, ეკონომიკური გარემოს გაძლიერების, ასევე ევროპის რეგიონებში მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული გამოწვევების განსაზღვრის მიზნით“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

 უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ილია ვერძაძის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში, სპეციალისტებმა წარმოადგინეს სამომავლო გეგმები, შეხედულებები ევროპის გაძლიერების, ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

  ღონისძიება, რომელსაც „Fundación ONCE“ მასპინძლობდა, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირისა (ITU) და ევროკომისიის (EC) მიერ იყო ორგანიზებული.