აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელს მოუსმინეს - რაულ თავართქილაძე, კანონმდებლების წინაშე, მიზნობრივი პროგრამების მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ ინფორმაციით წარსდგა.
მომხსენებლის განცხადებით, ცენტრის ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს აჭარბებს და 7 პროგრამაზეა გაწერილი. აგრარული სფეროს განვითარებას ხელს უწყობს რიგი საგრანტო პროგრამებიც, რომელთა ჯამური ბიუჯეტი მილიონ ლარზე მეტია.
მეციტრუსეობის, მეფუტკრეობის, მეცხოველეობის განვითარების, სარწყავ-სამელიორაციო სისტემების სარეაბილიტაციო, მოვლა-შენახვის, ფერმერთათვის ხვნა-თესვის ხელშემწყობი და სხვა პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე სრული ინფორმაციის წარდგენის პარალელურად, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.
„ჩვენთვის, როგორც მცირემიწიანი ქვეყნისთვის, აგრარული სფეროს განვითარება-ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით წელს არაერთი გამოწვევაა დაძლეული“,- აღნიშნა დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრიდონ ფუტკარაძემ.
კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.